Monday, December 10, 2012

რელიეფი


საქართველოში არის ტექტოგენური, ვულკანური, პეტროგენული, გრავიტაციული, ფსევდოვულკანური, ეროზიული, ეროზიულ-დენუდაციური, მყინვარული, ძველმყინვარული, პერიგლაციალური, კარსტული, წყალაკუმულაციური, ანთროპოგენური და სხვა წარმოშობის რელიეფი. ტექტოგენური რელიეფი საყოველთაოდ არის გავრცელებული და წარმოდგენილია მსხვილი და საშუალო ფორმებით. ტექტოგენეზის ვერტიკალური მდგენელი განსაზღვრავს ქვეყნის სხვადასხვა ზონისა და რეგიონის ჰიფსომეტრიულ განვითარებას - მთისა და და ბარის არსებობას, დანაწევრების სიღრმეს, ფერდობთა დახრილობას. დანაოჭება და რღვევა განაპირობებენ მაკრო- და მეზორელიეფის დადებითი და უარყოფითი ფორმების (ქედებისა და ხეობების) უმრავლესობის მიმართულებას. ტეტქოგენეზთანაა დაკავშირებული დედამიწის ზედაპირის ფორმები: ლინეამენტები, საფეხურები, გუმბათური მასივები და სხვ. ყველა ეს ფორმა უხვადაა საქართველოში. ვულკანური ფორმები გამოსახულია ერუფციული კონუსებითა და მათი მწკრივებით, ლავური პლატოებითა და ღვარებით, აგრეთვე სპეციფიკური მიკრორელიეფური წარმონაქმნებით (,,ბუმბერაზთა ქვაფენილები, ,,ლავური ორღანები). ეს ფორმები ყველაზე უფრო ვრცლად სამხრეთ საქართველოშია (მესხეთ-ჯავახეთი, ქვემო ქართლი), უფრო ნაკლები მასშტაბით კი - კავკასიონზე (ყაზბეგ-ველის რაიონი) და მცირე კავკასიონზე (თორის რაიონი). ბევრი ვულკანური ნაგებობა გარდაქმნილია ტექტონიკური, ეროზიული, მყინვარული პროცესებით და ქმნის შერეული გენეზისის (ვულკანურ-ტექტონიკურ, ვულკანურ-ეროზიულ და სხვ.) ფორმებს - ლავურ ანტიკლინურ სერებს, ლავირ სინკლინურ ხეობებსა და ქვაბულებს, ტყუპ მდინარეთა ხეობების წყვილებს, ინვერსიულ ფორმებს და ა. შ. პეტროგენული რელიეფი ვითარდება ლითოლოგიურად ნაირგვარ წყებებზე შერჩევითი დენუდაციის ზემოქმედებით. საქართველოში ასეთი ფორმები ფართოდაა გავრცელებული. ყველაზე ხშირად ისინი უკავშირდება ვულკანოგენურ-დანალექ ფორმაციებს (მაგალითად, ბაიოსის პორფირიტულ წყებას, ეოცენის ანდეზიტურ წყებებს და სხვ.), თუმცა ყალიბდებიან ისეთ დანალექ წყებებშიც, რომლებიც შედგება განსხვავებული დენულაციური სიმედგრის მქონე შრეებისაგან (მაგალითად, ქვიშაქვებისა და თიხების მორიგეობით ნაგები შრეები). ერთგვაროვან სუბსტრატზე რელიეფი უფრო ნაზია. გრავიტაციული ფორმები წყვეტილადაა გავრცელებული საქართველოს მთელ რიგ რეგიონებში. დაკავშირებულია მეწყრებთან და კლდე-ზვავებთან. მეწყრული მოვლენების მთავარი რეგიონებია რაჭა-ლეჩხუმი, ზემო მტკვრის ხეობა (მესხეთში), ახალი ათონის მიდამოები და სხვ. კლდე-ზვავების შედეგად გაჩენილია შეგუბებული ტბები: რიწა, ამტველი, ქვედი. ფსევდოვულკანური ფორმები - ტალახიანი ვულკანები მხოლოდ კახეთში გვხვდება (ახტალა, მეორე ახტალა, ქილაკუპრა, ზიარი, ფხოველი). მდინარის წყლის მიერ გამომუშავებული ეროზიული რელიეფი თითქმის საყოველთაოდ არის გავრცელებული. ეროზიული ფორმების სრული უქონლობა მხოლოდ ისეთ სივრცეებს ახასიათებს, სადაც ამჟამად აკუმულაცია მიმდინარეობს (კოლხეთის დაბლობის შუა, დაჭაობებული ნაწილი). კავკასიონის მაღალ ნაწილებში და ანტიკავკასიონის უმაღლეს მასივებში ისინი გარდაქმნილია ყინულის მექანიკური მოქმედებით და ნაწილობრივ ამოვსებულია მყინვარებითა და ფირნის მინდვრებით, ხოლო კირქვულ სუბსტრატზე მათ კარსტული დრენაჟის შედეგად წყლის ნაკადი დაუკარგავთ და ,,მკვდარი ხეობების სახით გვევლინებიან. ასეთი რელიქტური ეროზიული ხეობები, კარსტული მხარეების გარდა, სხვა რეგიონებშიცაა მდინარეული მოტაცებებისა და ჰავის გამშრალების შედეგად. ეროზიულ-დენუდაციური მოსწორებული ზედაპირები საქართველოში ბევრგანაა შემორჩენილი. წარმოქმნილია ოროგენიულთშორისულ ეპოქებში პლანაციის იმ პროცესებით, რომლებიც მიმდინარეობდა მდინარეთა ხეობების ფსკერის გასწვრივ და მთების ძირში. ყველაზე უკეთესად ეს ზედაპირები გამოსახულია მცირე კავკასიონზე. მოსწორებულ ზედაპირებს რესპუბლიკის სხვა ძირითად ოროგრაფიულ რეგიონებშიც ვხვდებით, მაგრამ აქ ისინი ფრაგმენტულადაა წარმოდგენილი. კავკასიონზე მათ შემონახვას ხელს უშლიდა ნგრევის პროცესების ინტენსივობა; სამხრეთ საქართველოში მოსწორებული ზედაპირების უმეტესი ნაწილი დაფარულია ლავით. უძველესი (გვიანდელი მეზოზოური) ზედაპირია ძირულის მასივის პენეპლენი. პლანაციური ზედაპირების უმრავლესობის ასაკი მიოცენურიდან ქვედაპლეისტოცენურამდე ცვალებადობს. მყინვარული რელიეფი ამჟამად კავკასიონის მაღალმთიანეთშია. მყინვარები მიეკუთვნება ხეობურ, ცირკულ ტიპებს. მათ შორის უდიდესია: ლებზირი, წანერი, ტვიბერი, ადიში (სვანეთში), კირტიშო, ზოფხიტო, ბოყო (რაჭაში), დევდარაკი, სუათისი (ხევში) და სხვ. ყველაზე დაბლა (ზღვის დონიდან 1800-2000 მეტრამდე) მყინვარები სვანეთში ეშვებიან. ძველი გამყინვარების ფორმები გავრცელებულია საქართველოს კავკასიონის მთელ სიგრძეზე და ანტიკავკასიონის უმაღლეს მთებზე. პლეისტოცენის მყინვარულ ეპოქებში თოვლის მიჯნა ახლანდელთან შედარებით 700-900 მეტრზე დაბლა იყო და მყინვართა ბოლოებიც ამჟამინდელზე უფრო დაბლა ჩამოდიოდა (დასავლეთ და ცენტრალური კავკასიონის დიდი მყინვარების ხეობებში 1000-1400 მეტრამდე). ძველი გამყინვარების ფორმები წარმოდგენილი ტროგებით (ვარცლისებრი ხეობებით), ცირკებით, კარებით, მორენებით, ,,ვერძის შუბლებით, მყინვარული ნაკაწრებით, ერატიკული ლოდებით. მყინვართა მიერ გარდაქმნილი რელიეფი ბევრგან ისეთ ქედებზეც გვხვდება, სადაც ამჟამად მყინვარები სრულიად არ არის (გერმუხის, სამსარისა და სხვა ქედები). პერიგლაციალური ქედები საქართველოში ამჟამად 1900-2000 მეტრზე მაღლა ვითარდება, ხოლო პლეისტოცენის მყინვარულ ეპოქებში და ხანმოკლე მკვეთრი აცივებების დროს დაბალ ზონებისთვისაც იყო დამახასიათებელი. წარმოდგენილია მზრალობითი ბორცვებით (ტუფურებით), მრავალკუთხედებიანი გრუნტებით, ლოდნარებით. გვხვდება როგორც აქტიური, ისე რელიქტური ფორმები. კარსტული რელიეფი განვითარებულია უმთავრესად დასავლეთ საქართველოში - კავკასიონის სამხრეთი კალთის პერიფერიულ ზოლში და მასზე მიკრულ კოლხეთის ჩრდილოეთ (მთისწინეთის) გორაკ-ბორცვიან ზოლში (აფხაზეთის, სამეგრელოს, რაჭა-ლეჩხუმისა და ჩრდილო და აღმოსავლეთ იმერეთის ფარგლებში). საქართველოში კარსტი ვლინდება აგრეთვე ცალკეულ რეგიონებში (თრუსოს ხეობა). დამახასიათებელი ფორმებია პოლიები და ქვაბულები, ძაბრები, ჭები, შახტები, უფსკრულები, მღვიმეები, შრატები. უმნიშვნელოვანესი კარსტული ღრმულებია შაორის, ახალსოფლის, თურჩუს პოლიები, ქვიბიას ქვაბული. მღვიმეთა შორის საყურადღებოა ახალი ათონი (სსრკ-ის ერთ-ერთი ყველაზე ტევადი, კეთილმოწყობილი მღვიმე), ცუცხვათი (მრავალსართულიანი, ქვის ხანის შესანიშნავი ძეგლებით). კორცხელი (უდიდესია ქვიშაქვების მღვიმეებში), თოვლიანი უფსკრული (მსოფლოში ერთ-ერთი უღრმესია), აბრსკილი და სხვა. წყალაკუმულაციური რელიეფი წამოდგენილია ალუვიური (მდინარეული) და ტბიური ტიპებით. პირველ მათგანს ვრცელი ფართობი მხოლოდ მთიანეთშორისეთში უჭირავს (კოლხეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და ალაზნის ალუვიური ვაკეები). მთიან მხარეებში ამ ტიპის რელიეფი უფრო იშვიათია. აქ იგი დაკავშირებულია დედამიწის ქერქის უბნების შეფარდებითი დაძირვის მოვლენასთან (ფსხუს, ცაგერის, ორბელის, რაჭის, ჯავის, თიანეთის, ახალციხის ქვაბულთა ფსკერი). მთების ძირში ჩამოყალიბებულია გამოზიდვის კონუსები, რომლებიც ყველაზე გრანდიოზულად წარმოდგენილია კახეთის კავკასიონისა და სამხრეთ საქართველოს ზეგანზე (ბარალეთის, ბეშთაშენისა და სხვა ვაკეები) და ივრის ზეგანზე (დიდი შირაქი, ტარიბანა და სხვ.). ანთროპოგენური ფორმები საქართველოში, როგორც ძველი კულტურის მქონე ქვეყანაში, უხვად და ნარგვარადაა გამოხატული. მათ მიეკუთვნება ძველი მიწათმოქმედი ტერასები (მესხეთში, ხევში და სხვ.), ხელოვნური გამოქვაბულები (უმთავრესად აღმოსავლეთ საქართველოში), ყორსანები. ისინი შექმნილია სხვადასხვა ეპოქებში - ბრინჯაოს ხანიდან შუა საუკუნეებამდე. ბლომადაა უფრო გვიანდელი წარმონაქმნებიც - საგზაო თხრილები და მიწაყრილები, მაღაროები, მათს თავზე გაჩენილი ჩანანგრევები, ჩანაზნექები და ა. შ.

No comments:

Post a Comment