Monday, December 10, 2012

ჰავა


საქართველოს ტერიტორია ჰავის დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. შედარებით მცირე ფართობის მიუხედავად, საქართველოში წარმოდგენილია დედამიწის ზედაპირზე არსებული ჰავის თითქმის ყველა ტიპი. ჰავის ასეთი მრავალფეროვნება განპირობებულია ქვეყნის მდებარეობით სუბტროპიკულ და ზომიერ კლიმატურ სარტყლების მიჯნაზე და რელიეფის თავისებურებით, აგრეთვე მნიშვნელოვანია შავი ზღვის გავლენა.
საქართველოს ჰავის ჩამოყალიბებაზე სამი ძირითადი ფაქტორი განსაზღვრავს: მზის რადიაცია, ატმოსფეროს ზოგადი ცირკულაცია და ქვეფენილი ზედაპირის ხასიათი
საქართველოში მზის ნათების ხანგრძლივობის საკმაოდ მაღალი წლიური მაჩვენებელია. იგი ძირითადად დამოკიდებულია ღრუბლიანობაზე, რომელიც საქართველოში ზომიერია. მზის ნათების საშუალო წლიური ხანგრძლივობა 1360 სთ-დან 2500 სთ-მდე იცვლება. ეს მაჩვენებელი მაღალია შირაქის ველსა და გარდაბნის ვაკეზე, ხოლო დაბალი აჭარის მიდამოებსა და კავკასიონის მაღალ მთიანეთშია.
საქართველოს ტერიტორიის გეოგრაფიული მდებარეობა, უფრო სწორედ, მისი განედური განფენილობა უმნიშვნელოა (დაახლოებით 2.5 გრადუსი), რაც ვერ განაპირობებს მზის რადიაციის სერიოზულ ცვლილებას მის ჩრდილო და სამხრეთ ნაწილებს შორის. ამის გამო რადიაციის განაწილება ძირითადად დამოკიდებულია ღრუბლიანობაზე, ჰაერის სიმკვრივესა და გამჭირვალობაზე.
ღრუბლიანობა საქართველოს ტერიტორიაზე არათანაბარი განაწილებით ხასიათდება. იგი გაცილებით მეტია დასავლეთ საქართველოში, რაც გამოწვეულია შავი ზღვის სიახლოვითა და ნალექების დიდი რაიოდენობით. ამიტომ ჯამური რადიაციის მინიმალური მაჩვენებლებით ხასიათდება კოლხეთის დაბლობის სამხრეთი ნაწილი.
საქართველოს ვაკე-დაბლობების, დაბალი და საშუალო მთებისათვის დამახასიათებელია ჯამური რადიაციის საშუალო (წელიწადში 120-130 კკალ/სმ2) მაჩვენებელი. აბსოლუტური სიმაღლის მატებასთან ერთად, დაახლოებით 2000 მეტრ სიმაღლემდე, ღრუბლიანობა მატულობს, რის შედეგადაც გაბნეული რადიაცია იზრდება, პირაპირი რადიაცია კი მცირდება. ამის გამო ჯამური რადიაცია არ იცვლება.
საქართველოში მზის რადიაციის კარგად გამოხატული სეზონურობა ახასიათებს. ზაფხულში, დღის მაქსიმალური ხანგრძლივობა და მზის სხივების დაცემის დიდი კუთხე შესაბამისად განაპირობებს ჯამური რადიაციის დიდ მაჩვენებელს, ზამთარში კი - უმნიშვნელო.

No comments:

Post a Comment